„მთელი ქვეყნის ტრაგედია“ - გახარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან შაქარაშვილის საქმეზე

თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვა - მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს: რა მოხდა 19 ივნისის ღამეს >>

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი უკვალოდ გაქრა 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. გამოძიება მის გარდაცვალებას როგორც პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობას განიხილავს და დამნაშავეთა დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა.

„ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას“, - განაცხადა გახარიამ.
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

ამასთან მან აღნიშნა, რომ დამდეგი არჩევნების გამო შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პოლიტიზირება ხდება და მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილით მოეკიდონ დაღუპული ახალგაზრდას ოჯახს.

„ამორალურია“ – პრემიერი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ირგვლივ სპეკულაციების შესახებ >>

პარასკევს გიორგი შაქარაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისი ოჯახი საზოგადოების ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფისა და ბულინგის ობიექტი გახდა, აგრესია კი ყველა ზღვარს აჭარბებს. ამასთან ქალს არ დაუკონკრეტებია, რას უკავშირდება ეს თავდასხმები.

შაქარაშვილი საქმე

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: უშუალოდ მკვლელობას, რომლის დამტკიცებას ახლა ცდილობს გამოძიება, და უკვე დადგენილ ფაქტებს - ცემას, ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ცემის ეპიზოდი უკავშირდება წვეულებას, სადაც კონფლიქტი მოხდა. ჯგუფური ძალადობის ეპიზოდი ეხება პირველი კონფლიქტიდან რამდენიმე საათში თბილისი-მცხეთის გზაზე მომხდარ მასობრივ ჩხუბს, რომლის შემდეგ შაქარაშვილი უკვალოდ გაქრა.

მესამე ეპიზოდი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა - უკავშირდება ფეხბურთელის მეგობარ გური ამირხანაშვილს, რომელიც ძალით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს თბილისში, და ეს იმ დროს ხდება, როდესაც მისი მეგობარი დაიკარგა და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.

სამივე დამტკიცებულ ეპიზოდზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. პირველი წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0