თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ავიარეისების კონკრეტული განრიგი და ლოკაციები ევროპაში, საიდანაც საქართველოს მთავრობა თავის მოქალაქეებს გამოიყვანს, ცნობილი გახდება ორშაბათს, 6 ივლისს, განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
როგორ რეისებზე ყიდის ბილეთებს Airzena? თურნავა კომპანიას მოუწოდებს>>
მინისტრის თქმით, ბილეთების ფასი სუბსიდირებული იქნება და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი.
„ორშაბათს გამოქვეყნდება გრაფიკი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ორგანიზებულად, ისე, როგორც ამას აქამდე ვახორციელებდით, მოხდება ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს პროგრამა, იცით, რომ პანდემიის პერიოდში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება. ყველას ექნება შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე, კარანტინის გავლით ჩამოვიდნენ ქვეყანაში", – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ სამინისტრო ასევე დაავალდებულეს – რეისები არ შეასრულოს მხოლოდ ერთმა კომპანიამ და ფრენებში ჩაერთოს კიდევ რამდენიმე ავიაკომპანია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა რეისი და ბილეთების გაყიდვის დაწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს.
თურნავას თქმით, იყო რიგი რეისებისა, მათ შორის თბილისი-პარიზი, რომლის ბილეთები ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეთანხმების გარეშე გაყიდა.
ამ დროისთვის ზუსტად არის ცნობილი ივლისში დაგეგმილი ავიარეისების შესახებ ამსტერდამში, თელ-ავივსა და ვენაში.
„მესმის, რომ ის ადამიანები, ვინც საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადა პარიზი-თბილისის ფრენაში, ელოდებიან ამ რეისის შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეისი არ იყო დაგეგმილი, საკუთარ თავზე ვიღებთ ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას, რათა ეს რეისი უსაფრთხოდ შესრულდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეისი დიდი ხნით არ გადაიდოს", – განაცხადა მინისტრმა.
გუშინ ნათია თურნავამ მოქალაქეებს მოუწოდა, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგი ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდებზე.
მან ასევე მოუწოდა ავიაკომპანია Georgian Airways-ს, შეწყვიტოს შეუთანხმებელი მოქმედებები და თავის გვერდზე არ გამოაქვეყნოს იმ რეისების განრიგი, რომლებიც არაა შეთანხმებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროსთან.