13:17 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (93)
71 0 0

დიპლომატების თქმით, ისინი კვლავაც დააკვირდებიან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას

თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესახებ პოლიტიკურ დიალოგში შუამავლების როლს ასრულებდნენ, განცხადება გამოაქვეყნეს.

დიპლომატებმა, პირველ რიგში, საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მიულოცეს და ასევე მათდამი პატივისცემა მოითხოვეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევადაც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა სირთულეები გადალახეს.

„ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში]“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში, რადგან ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები თავისი საარჩევო უფლების რეალიაციას თავისუფლად შეძლებენ.

„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 117 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას ეხება.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციურ ფრაქციებს „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც ოპოზიციური „მთავარი არხის“ ერთ-ერთი თანამესაკუთრის, ნოემბერში დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

რურუას გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ოპოზიციის განცხადებით, 8 მარტის მოლაპარაკებისას იქნა მიღწეული.

თუმცა, როგორც ამას წინათ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერს კნირშმა განაცხადა, გიორგი რურუას სახელი არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს ძალიან აშკარაა და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა.

ელჩის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენელთა მკაცრი შენიშვნები მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ უთანაგრძნობს გერმანიის ელჩს, რადგან ის ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა. მისი თქმით, გერმანიის ელჩი ისე გამოიყურება, თითქოს თარგმანში დაიკარგა, შემდეგ კი იძულებულია ბოდიში მოიხადოს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს და გერმანიის მთავრობას მოუწოდა, „გაიწვიოს სამარცხვინო ელჩი“.

დიპლომატებმა, თავის მხრივ, განცხადებაში აღნიშნეს: „გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას“.

ელჩს ოპოზიციის გამონათქვამების გამო ბოდიში რამდენჯერმე მოუხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (93)

მთავარი თემები