16:38 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (104)
135 0 0

ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის სისტემის კონტროლის და მართვის სისტემის დანერგვა, რომლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველომ დაასრულა ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემის მონტაჟი და მართვის სისტემის დანერგვაზე გადავიდა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა პარასკევს პარლამენტის წინაშე თავდაცვის სისტემების მდგომარეობის და ქართული ჯარის გაძლიერების გეგმების შესახებ ანგარიშით წარდგა.

„დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. ახლა მიმდინარეობს დამატებით შესყიდული ახალი - მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს დასრულდება“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის შესახებ შეთანხმებები 2015 წლის ზაფხულში გაფორმდა. 2018 წელს საფრანგეთში მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა კონტრაქტი საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შეძენის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელი შენაძენებია - შაშხანა М4, აშშ-ში М16А2 მარკის შაშხანის მიხედვით შექმნილი ავტომატური კარაბინი.

ამავე დროს კორონავირუსის პანდემიამ თავდაცვის სამინისტროს წლევანდელ გეგმებში კორექტივები შეიტანა - პრიორიტეტების სასწრაფო გადახედვისა და COVID-19-ის მეორე ტალღისთვის მომზადების გამო საჭირო გახდა ბიუჯეტის შემცირება.

სავარაუდოდ, 2020 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონით შემცირდება და 805 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების გამო მომდევნო წლისთვის გადადო საფრანგეთიდან სამხედრო პროდუქციის შესყიდვა, განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

„საუბარია არა პროექტების გაჩერებაზე, არამედ ვადის გადაწევაზე. თავდაცვის სამინისტროს 75 მილიონი ლარით უმცირდება ხარჯი, აქედან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს გარკვეული პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გამომდინარე პანდემიიდან, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, სამხედრო პროდუქციის შესყიდვა უკვე გაწერილია 2021 წლის ბიუჯეტში. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სამხედრო პროდუქციაზეა საუბარი.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (104)

მთავარი თემები