თბილისი, 19 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული, შესაბამისად, შეზღუდვების ერთბაშად სწრაფი მოხსნა არ მოხდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში ტურისტები ჩამოვიდნენ, მნიშვნელოვანია საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილი იყოს როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.
„ტურიზმის განვითარებას, პირველ რიგში, ვიწყებთ რეგიონებიდან და არა, მაგალითად, თბილისიდან, რადგან თბილისში კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების მართვა უფრო რთულია, ვიდრე რეგიონებში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული, შესაბამისად, შეზღუდვების ერთბაშად სწრაფი მოხსნა არ მოხდება“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ საქართველოს, როგორც კორონავირუსთან ეფექტურად მებრძოლი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ განვითარდება“, - განაცხადა გახარიამ.
წინასწარი მონაცემებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს აგრეთვე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ სახელმწიფოებთან. ამასთან ერთად საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღების უფლება ექნება>>>
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. კერძოდ, ნებადართული გახდა მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) მუშაობა, ნებისმიერი საქონლის მიწოდების სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების მუშაობა. შემდეგ გაიხსნა მაღაზიების უმეტესობა, აღდგა წარმოებების ფუნქციონირება, მოიხსნა შეზღუდვები ქალაქებს შორის გადაადგილებაზე და ა.შ.
18 მარტიდან საქმიანობა განაახლეს სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, გარდა ამისა, გაუქმდა სამზე მეტი პირის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი პირის შეკრების შესახებ.
საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარმოადგინა, რომელიც ექვსი ეტაპისგან შედგებოდა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ეტაპებს შორის ინტერვალი ორი კვირა უნდა ყოფილიყო.
შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო, მეორე – 5 მაისს, მესამე – 11 მაისს. მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისიდან გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.