გახარია: უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელი იქნება

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ამ დღეებში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერობა შესთავაზა.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ამ დღეებში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერობა შესთავაზა.

„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუნქტურა, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება – ქვეყანა, როგორც მინიმუმ, ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევს. 

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული. ის დამნაშავედ ცნეს ძალადობისა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ორგანიზებაში. მას დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, 2007 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მას კიდევ სამი წლით პატიმრობა შეეფარდა.

ის ასევე ბრალდებულია სახელმწიფო სახსრებიდან პირადი საჭიროების მიზნით 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე და 2007 წელს აქციის დაშლის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ. ამის შემდეგ ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი მიწვეულ იქნა სამუშაოდ უკრაინაში, სადაც მიიღო მოქალაქეობა და, შესაბამისად, დაკარგა ქართული პასპორტი. 2015 წელს სააკაშვილი გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან და დააარსა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა".

მალევე მას ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო 2018 წლის თებერვალში ის პოლონეთში გააძევეს. სააკაშვილი კიევში დაბრუნდა 2019 წლის 28 მაისს, როდესაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0