საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადდა, 22 მაისამდე გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე. 

ხელისუფლებამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს გამოაცხადა. 10 დღის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა, 17 აპრილიდან კი სპეციალური ნებართვის გარეშე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ მიმართვა გაუგზავნა", – განაცხადა ჩიქოვანმა.

გადაწყვეტილება ძალაში პრეზიდენტის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე შევა, დასძინა მან.

მანამდე საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დღიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 408-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0