დაკეტავს თუ არა საქართველოს რუსეთთან საზღვარს კორონავირუსის გამო

© photo: Sputnik„ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი
„ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ამერიკული სააგენტო Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, აუცილებლობის შემთხვევაში, საზღვარი ნებისმიერ ქვეყანასთან ჩაკეტოს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს საქართველოსთვის.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი>>

ასე უპასუხა გახარიამ ამერიკული სააგენტო Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვას, რომელსაც აინტერესებდა, დაკეტავს თუ არა საქართველო რუსეთთან საზღვარს, სადაც, მისი განცხადებით, კორონავირუსი ბობოქრობს, თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლება ამას მალავს.

„საუბარი ვერ იქნება მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემაზე და ვირუსზე, რომელიც, გვესმის, რომ საზღვრებს არ ცნობს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ყველა იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც რისკების შესამცირებლად აუცილებელი იქნება განსაკუთრებული ზომების მიღება საზღვარზე, ჩვენ ამას მივიღებთ", – განაცხადა გახარიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან საქართველოში „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით 141,3 ათასი ადამიანი შემოვიდა. ეს ვიზიტორების საერთო რაოდენობის 13,5%-ია.

კორონავირუსის პრევენცია: რა გაკეთდა და რა იგეგმება>>

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდგინდა. კარანტინში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო კლინიკებში ექიმების დაკვირვების ქვეშ - 58. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ევროპაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეწყვიტა ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან. ირანში და ირანიდან მოგზაურებისთვის დაკეტილია სახმელეთო საზღვარიც. ასევე დაწესებულია სავალდებულო კარანტინი პირებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ ირანში, ჩინეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

1 აპრილამდე დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობენ თეატრები და მუზეუმი. ტარდება სისტემატური დეზინფექცია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხის თავშეყრის ადგილებში.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩამოსვლიდან 14 დღის განმავლობაში არ იქონიონ კონტაქტი ადამიანებთან, ხოლო ვინც სამშობლოშია, არ გაემგზავროს საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0