ვინ არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის ფონზე საქართველოში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესები ვითარდება. ნამდვილად არაა პატარა ამბავი, რომ მალე ქვეყანას მესამე ხელისუფლების ახალი პირველი პირი ეყოლება.

დიდი ალბათობით, ეს ნინო ქადაგიძე იქნება, რომელიც გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით შეარჩია. როგორც კი შალვა თადუმაძე სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა, ცხადი იყო და ვწერდით, რომ მისი თანამდებობრივი ამბიციები ამით დააკმაყოფილეს. უზენაესში კიდევ რამდენიმე უვადო მოსამართლეა, რომელთა განხილვაც შეიძლებოდა თავმჯდომარედ, მაგრამ ქვეყნის პირველ პირებთან სიახლოვე ამჯერად მათთვის პრობლემა გახდა და არა პრივილეგია.

ნინო ქადაგიძეს მოსამართლეობის დიდი სტაჟი აქვს. ის 1999 წელს სასამართლო სისტემაში გატარებული დიდი რეფორმების შედეგად მისული ახალი კადრი იყო ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ თბილისში 1969 წელს დაბადებულმა ნინო ქადაგიძემ სამსახურებრივი კარიერა იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის უფროს კონსულტანტად 1994 წელს დაიწყო. 6 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე ასრულებდა მოვალეობებს. 2000 წლიდან კი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. 2002-2012 წლებში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, 2013 წლიდან კი ისევ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის 12 დეკემბერს ის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მას ე.წ. კლანის წევრად მიიჩნევს, რადგან ქადაგიძე მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა და პარლამენტისთვის წარდგენილი იმ 10-კაციანი ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც განხეთქილების ვაშლის როლი შეასრულა უმრავლესობაში და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავად ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტიძისგან შეთავაზება მადლიერებით მიიღო და რაიმე დამატებითი კითხვები არ გასჩენია.

ის ამ ეპიზოდს მოგვიანებით პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ასე გაიხსენებს: „პროცესზე ვიყავი, სადაც, ყველამ იცის, ძალიან იშვიათად შემაქვს ტელეფონი. პროცესიდან გამოსულს მითხრეს, რომ დამირეკეს იუსტიციის საბჭოდან. შემდეგ მე თავად დავუკავშირდი გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც მითხრა, რომ წარმადგენდნენ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ, თუკი ჩემი თანხმობა იქნებოდა. ვიკითხე, იყო თუ არა ჩემი მისვლა საჭირო, რადგან ქალაქგარეთ გავდიოდი“.

ნინო ქადაგიძეს ახლა ისევ მოუწევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატების კითხვების მოსმენა და პასუხის გაცემა მომავალ კვირაში, დამტკიცებამდე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით, კანდიდატურამ შერჩევის დიდი პროცესი გაიარა და ამას დეპუტატებმა პატივი უნდა სცენ. დიდი ალბათობით, ნინო ქადაგიძე მომავალ კვირაში მესამე ხელისუფლების პირველი პირი გახდება 10 წლის ვადით. აღსანიშნავია ერთი ნამდვილად დადებითი ფაქტორი – რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გახდება. ზოგადად, პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის კუთხით თამარ მეფის ქვეყანას არცთუ ისე სახარბიელო ვითარება აქვს – 58-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგებში.

და ამ ვითარების გამოსწორებას საპარლამენტო სიაში კოლორიტული ქალბატონების შეყვანა ვერ შველის. დასავლეთი უფრო გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე აკეთებს აქცენტს და არა პულტის დამჭერებზე.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: ხელისუფლება და ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც „ნაციონალების“ მხრიდან საქილიკო გახდა, ნინო ქადაგიძის მრწამსია. ის მორწმუნე ქალბატონია და მოძღვარიც ჰყავს, რაც, ალბათ, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ის ეცდება საქმეებიც სინდისის კარნახით განიხილოს.

მაგალითად, რომან გოცირიძე კომიტეტის სხდომაზე შეეცადა გაერკვია, როგორ განიხილავს ის თავისი სულიერი დების საქმეებს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ სულიერი დები არ ჰყავს, ხოლო თუ მოძღვართან დაკავშირებული საქმის განხილვამ მოუწია, აიცილებს.

კიდევ ერთი და ძალიან საინტერესო ეპიზოდი ნინო ქადაგიძის ცხოვრებიდან – 2003 წელს სწორედ ის იყო მოსამართლე, რომელმაც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი წერს სოციალურ ქსელში და მაშინდელი გადაწყვეტილების ასლებსაც აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ მოსარჩელეები, ბურჯანაძე-დემოკრატებთან და ნაციონალებთან ერთად, საია და ზურაბ ჭიაბერაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია არიან. დღეს ზოგი ქადაგიძის გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს აკრიტიკებს – რატომ მოხდა მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ზოგი კი მას პროცესებზე სიმკაცრეს უწუნებს.

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურზანია კი იხსენებს, რომ როცა ქადაგიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, შევარდნაძე უკვე გადამდგარი იყო, ხოლო მანამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ლადო ჭანტურიამ პრეზიდენტს წინასწარ უთხრა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაეუქმებინა. ასეა თუ ისე, ნინო ქადაგიძე ამ ისტორიული პროცესების ერთ-ერთი აქტორი იყო. ვისი რეკომენდაციით შეარჩიეს და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის ამ პოსტზე, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, თუმცა ფაქტია, რომ სასამართლო სისტემა დღეს საქართველოში უმწვავესი რეპუტაციული და სისტემური პრობლემების წინაშე დგას და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.

 

ყველა ახალი ამბავი
0