თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ მწვანე ღობეზე პლაკატები დაამაგრეს წარწერებით „სირცხვილია" და „თავისუფლება პოლიტპატიმრებს", იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
მწვანე ღობე იმასთან დაკავშირებით გაჩნდა, რომ თბილისის მერიამ გადაწყვიტა კეთილმოაწყოს პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორია, სადაც ნახევარი წელია ანტისამთავრობო აქციები ტარდება.
„ეს ბანერი მთლიანად ასახავს საქართველოში არსებულ სიტუაციას. სირცხვილია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტში სხედან და ანტისახელმწიფოებრივ კანონებს იღებენ", – განაცხადა ყოფილი მმართველ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
მწვანე ღობეზე პლაკატებთან ერთად ასევე გაჩნდა 20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევის ამსახველი ფოტოკადრები.
დღევანდელი აქცია მშვიდ ვითარებაში გაიმართა. მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი დაფიქსირდა – აქციის წევრები პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელზე სიმბოლური ბოქლომის დადებას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. თუ როდის განახლდება აქცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.