06:31 20 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0701
  • 100 RUB4.4678
  • USD2.8422
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (95)
144 0 0

ნათია თურნავას სიტყვებით, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის არარსებობა რუს ტურისტებს არ აბრკოლებთ – ისინი საქართველოში ალტერნატიული გზებით ჩამოდიან.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიარეისების აკრძალვას არანაირი აზრი არ აქვს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვეტილია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში და პირიქით მოხვედრა მხოლოდ მესამე ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

„ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და რუსეთთან ფრენები აღდგება... თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე მოლოდინი მაქვს, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს", – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად აკრძალვისა, 2019 წლის სტატისტიკამ უჩვენა, რომ საქართველოში რუსეთიდან ტურისტების რიცხვი მაინც გაიზარდა.

„იმავე წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მათ, მართალია, გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც ნიშნავს, რომ ის საბაბი, რის გამოც აკრძალვა მოხდა, ანუ უსაფრთხოების თემები აღარაა დღის წესრიგში", – განაცხადა თურნავამ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ავიამიმოსვლის აკრძალვის შედეგად საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 47 მლნ დოლარით, ანუ 1,4%-ით მეტია.

2019 წელში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს – 9,3 მილიონს (ზრდა 7,1%) მიაღწია.

2019 წლის 12 თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ 1,46 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც 4,7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (95)

მთავარი თემები