საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს, ტრადიციულად, თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის აივნებიდან და ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან სახელმწიფო დროშებს ფენენ. 

მთაწმინდის ხედი, ქართული დროშა - Sputnik საქართველო
ქართული დროშა ქვეყნის ყველა შენობაზე აფრიალდება

საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო – ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცეს. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა. 

საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს. 

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან ან საკუთარი სახლებისა და ავტომობილების სახურავებიდან ქართული დროშა გადმოფინონ.

სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებშია მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელიც უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

ძველი დროშის აღდგენა 1992 წელს გადაწყვიტეს. საქართველოს ჰერალდიკის ასოციაციამ ამ დროშის ვარიანტი შეიმუშავა რამდენიმე ცვლილებით. ტრადიციული პირდაპირი ჯვრების ნაცვლად გამოყენებული იყო „ბოლნისის ჯვრები". პროექტი სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია. 

საქართველოს დროშა. საარქივო მასალა. - Sputnik საქართველო
საქართველოს დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

2003 წელს პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ ამ დროშას დაუჭირა მხარი. პარტიული დროშის სახით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო გახდა.

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის სახელით, პარლამენტს ხუთჯვრიანი დროშის მთავარ სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცება შესთავაზა. გადაწყვეტილება დეპუტატების უმრავლესობით მიიღეს (147 ერთის წინააღმდეგ). ახალი დროშა 14 იანვარს უკვე აღმართეს პარლამენტის შენობის თავზე და ეს დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0