05:45 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა“.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს შეისწავლის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ 12 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ედავება. კერძოდ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა: „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა“.

უწყების განცხადებით, სააკაშვილის რიტორიკა ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მიუთითებს და მის განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

„აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ამბოხება თავის თავს თვითონ მოუწყო და თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება.

„ახლა მივხვდით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, უკან ნიშნავს საქართველოს განადგურებას. დღეს ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად არის. მე პირადად ვარ მზად, თავი შევწირო ბოლომდე ჩემი სისხლის ბოლო წვეთამდე. წელს საქართველოდან ივანიშვილს გავაცილებთ. ქართველი ხალხი გამოგვყვება უკან, როცა დაინახავს, რომ ლიდერები ბოლომდე წირავენ თავს. ჩვენ გვყავს ლიდერები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ასევე გამოძიება მიმდინარეობს 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

მთავარი თემები