რამდენიმესაათიან შეხვედრაზე უცხოელი დიპლომატები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით არბიტრის როლში გამოვიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტის ჩავარდნამ, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წელს საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, პროტესტი გამოიწვია არა მარტო ოპოზიციაში, არამედ მმართველი პარტიის დეპუტატებს შორისაც.
კონსტიტუციაში შესწორებების ჩავარდნის გამო თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია გაერთიანდა პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ" და დააანონსა მასშტაბური აქციები, რომლებზეც მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში.
შედეგი არ დადგა
როგორც იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში არსებობს. კერძოდ, წულუკიანის განმარტებით, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ერაყი.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები მისაღები ვერ იქნება.
„ვერანაირი შედეგი დღეს ვერ დადგა, რადგან ჩვენ ვიხილავდით მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში მაჟორიტარული სისტემის გადაკეთების შესაძლებლობას, მარტივ ენაზე რომ ვთქვა… ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიცია ითხოვს ამ მოდელის ფარგლებში იმას, რომ მესტიიდან ხარაგაულამდე იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ანუ მაჟორიტარი, რომ დედოფლისწყაროდან ყაზბეგამდე მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი, რომ გლდანს, ნაძალადევს და დიდუბეს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, „ქართული ოცნება“ თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.
„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო - შევთანხმდით იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს; მეორე: მათ ითხოვეს მეტი დრო იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ მომავალ პარასკევს გვექნება შემდეგი შეხვედრა. მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ასევე დრო ითხოვეს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ხელისუფლებამ ცვლილებების აუცილებლობა აღიარა
შეხვედრის პოზიტიურ მომენტად „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დაასახელა ხელისუფლების მიერ აღიარება იმისა, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების გატარება აუცილებელია.
„დღეს, მესამე შეხვედრაზე, პირველად ხელისუფლებამ თქვა, რომ დიახ არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი. დღემდე ისინი სულ ლაპარაკობდნენ, რომ არ მოგვწონს არც გერმანული, არც მოდიფიცირებული, არც მრავალმანდატიანი და არაფერი, და აგერ არის კოდექსი და ამით ჩავატაროთ არჩევნებიო. დღეს პირველად თქვეს რომ, დიახ, ცვლილება საჭიროა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ცვლილებათა არცერთ მოდელზე არ თანხმდება.
„ეს პროცესი გაგრძელდება. ყველას მინდა მივმართო, რომ ერთი და ორი შეხვედრით ასეთი თემები ვერ ლაგდება, იმხელა ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ ქვეყანა პროპორციული არჩევნების ჯერ დაპირების და შემდეგ ჩაგდებით, რომ ამის გამოსწორებას დრო დასჭირდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება. ორივე მხარის ამოცანაა მიაღწიონ იმას, რომ ის რაც შეიძლება სამართლიანად ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ქვეყანას ძვირი დაუჯდება.
შუამავლები მოლაპარაკებებით კმაყოფილი არიან
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დიალოგი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას დაძაბულობის შესამცირებლად პლატფორმის შექმნისთვის.
„მოხარული ვარ, რომ ორივე მხრიდან ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას, რადგან ჩვენ გადავედით მესამე დიალოგ-შეხვედრაზე. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დიალოგი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწიოს დაძაბულობამ და პოლარიზაციამ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ განხილვა იყო მარტივი. ეს არის ფუნდამენტური საკითხები. არსებობს მუდმივი მისწრაფება, რომ წავიდეთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამჟამინდელი კონსტიტუციით, 77 სადეპუტატო მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 73 - კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქში ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღეს.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამჯერად რა საკითხი იქნება გატანილი განსახილველად, ჯერჯერობით უცნობია.