18:57 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დეპუტატმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაახმოვანა. ერქვანიას განცხადებით, იგი საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს საქმიანობას. იგი მე-16 დეპუტატია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა.

„სამწუხაროდ, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ერისა და ქვეყნის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის... ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად", – განაცხადა ერქვანიამ სხდომაზე.

ალექსანდრე ერქვანია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა.

იგი პროფესიით იურისტია. 2001-2006 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აპარატის უფროსი, 2007-2010 წლებში შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" იურისტი, 2010-2016 წლებში კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.

საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტის ჩავარდნამ, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წელს საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, პროტესტი გამოიწვია არა მარტო ოპოზიციაში, არამედ მმართველი პარტიის დეპუტატებს შორისაც. ადრე პროტესტის ნიშნად უმრავლესობის რიგები დატოვა 15-მა დეპუტატმა, მათ შორის, ორმა ვიცე–სპიკერმა, სამმა კომიტეტის თავმჯდომარემ და მათმა მოადგილეებმა.

კონსტიტუციაში შესწორებების ჩავარდნის გამო თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია გაერთიანდა პრინციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ" და დააანონსა მასშტაბური აქციები, რომლებზეც მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში.

მთავარი თემები