09:34 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
გრიგორი კარასინი

„კარგი გაკვეთილი“: გრიგორი კარასინი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებაზე საუბრობს

© AP Photo / Martial Trezzini
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
6401

კარასინმა და აბაშიძემ განიხილეს სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოში არსებული ვითარება, ზემო ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტის მოდერნიზაცია და ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველი ექიმის საკითხი

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პასუხისმგებლიანი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობის პროცესში ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოგვარებას შეუწყობს ხელს, განაცხადა რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს სპეცწარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას.

კარასინისა და აბაშიძის მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ეს შეხვედრა ერთ–ერთია საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დღეს მოქმედი ორი ფორმატიდან.

„კონტაქტებმა დაადასტურა ორივე მხარის განწყობა, გამოინახოს გზები მიმდინარე წლის ივნის–ივლისში თბილისში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში შექმნილი რთული ვითარების გადასალახად“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

თბილისში ივნისიდან მოყოლებული, სამი თვე არ შეწყვეტილა საპროტესტო აქციები. ყველაფერი დაიწყო საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენით. იმ დღეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

ამ მოვლენების საპასუხოდ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

„რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იძულებითი ზომების მიღების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ნაკადი ყოველთვიურად მცირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ცხრა თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 12%–ით იკლო. ამის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე საგარეო სავაჭრო პარტნიორი და ქართული პროდუქციის, უპირველეს ყოვლისა, ღვინის უმსხვილესი იმპორტიორია.

 „რუსეთის მხრიდან ხაზი გაესვა დიდ მნიშვნელობას იმისა, რომ თბილისში გაკვეთილი გამოიტანონ მომხდარიდან და მოსკოვთან ურთიერთობას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ. ეს გზას გაუხსნის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებას, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.  

განხილვის კიდევ ერთი საგანი იყო საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმება. მხარეებმა შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც 2011 წელს საქართველომ ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებას ვეტო მოხსნა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ თბილისის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე – გაივლიდა სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან, ასევე მხარეები მოიწვევდნენ საერთაშორისო შუამავლებს ტვირთის ნაკადისა და მათი მარკირების გასაკონტროლებლად.

 „მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ არაპოლიტიზებული განხილვა არსებული სადავო საკითხების დასარეგულირებლად და დაიწყონ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზება მისი პირობების განუხრელი დაცვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, კარასინმა აბაშიძეს გააცნო ზემო ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტის განახლებისთვის მიმდინარე სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად, 2021 წლის ნოემბრისთვის გამშვები პუნქტი დღე–ღამეში 2560 სატრანსპორტო საშუალებას გაატარებს.

თავის მხრივ, აბაშიძემ წამოჭრა 9 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის დარღვევისთვის“ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი. გაფრინდაშვილი სოფელ სამთავისში მიემგზავრებოდა იმისათვის, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში მცხოვრები დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდა და სერიოზულად დაშავდა. ადგილზე კი მკურნალობის საჭირო საშუალება არ არსებობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კარასინმა აბაშიძეს აცნობა, რომ რუსეთის მხარე ამ პრობლემის დადებითად მოგვარებას უწყობს ხელს.

კარასინმა გვერდი არ აუარა ნატოსა და შეერთებულ შტატებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. მისი სიტყვებით, ეს ორმხრივი ურთიერთობის სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორია.

რუსეთის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს მოუწოდა, გამოიყენონ თავიანთი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის გასავითარებლად.

მხარეებმა მომდევნო შეხვედრა 2020 წლის მარტში დაგეგმეს.

მთავარი თემები