თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. გუშინ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დიდი შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველომ 2019 წლის 27 ნოემბერს ოფიციალურად მიიღო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც 20 წლის წინ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულებები და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.
„საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პირველად. საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა 20 წლის წინ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღის წესრიგის შექმნაში სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან დავაყენოთ ის საკითხები, რომლებიც, ჩვენი ხედვით, აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს>>
პრემიერის თქმით, ევროპული გზა არის ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების არჩევანი, რომელსაც საქართველო არ გადაუხვევს.
„ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც ჩვენ ვადასტურებთ დღესაც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც, სადაც სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული", – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში გაიმართა.
საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს შორისაა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით. ამჟამად ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.
საქართველომ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადმოიბარა, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო. საქართველო პირველად ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე.