აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და შესასვლელებთან კარვები გაშალეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მიზანია, ღამით დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან, დღევანდელი აქცია კი, მათი თქმით, ამის დემონსტრირება იქნება

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

პარლამენტის შესასვლელებთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

საპროტესტო აქციის მონაწილეები 25 ნოემბერს მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გამართეს და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან, დღევანდელი აქცია კი, მათი თქმით, ამის დემონსტრირება იქნება. ისინი პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ. ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მომიტინგეთა ნაწილი დარჩება. პარლამენტის შესასვლელებთან უკვე კარვები იშლება.

აქციის სლოგანი, რომელიც დაახლოებით ოცი პარტიის ლიდერის ორგანიზებით იმართება, არის „ყველა ერთის წინააღმდეგ“.

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ მიმართა პოლიციელებს, რომლებიც პარლამენტის ირგვლივ არიან მობილიზებული, არ შეუშალონ მომიტინგეებს ხელი პარლამენტის პიკეტირებაში. მან ასევე მოუწოდა დეპუტატებს, სამშაბათს პარლამენტში ნუ მოვლენ.

„ნუ დაგვიწყებთ ტყუილად ჭიდაობას“, - მიმართა ვაშაძემ პოლიცილებს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მომიტინგეებს მოუწოდა არ გასცდნენ კანონის გარგლებს.

„სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც არასდროს, უზრუნველყოფილია. თუ ვინმე მოახდენს, მაგალითად პარლამენტის ბლოკირებას, შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული. თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სამართალდამცავები იმოქმედებენ ადეკვატურად... საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავებიც იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ჰუმანურობის სრული დაცვით“, - განაცხადა მდინარაძემ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
დააკავეს „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომელთაც აქციისთვის შეშა გადაჰქონდათ

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ოპოზიციამ ორშაბათისთვის დააანონსა მასშტაბური საპროტესტო აქცია და უკვე ღამის საათებიდან პარლამენტის პიკეტირება, რათა სამშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს მუშაობაში ხელი შეუშალოს. დანარჩენმა დეპუტატებმა საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო ბოიკოტი გამოაცხადეს.

ოპოზიციამ ერთი კვირის წინ უკვე სცადა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, მაგრამ შსს-მ მრავალრიცხოვანი გაფრთხილების შემდეგ, რომ ეს უკანონოა, სპეცნაზი გამოიყვანა. სპეცნაზმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირისკენ გაწია.

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0