რეფერენდუმი ან პარტიის დატოვება – აკაკი ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა

© photo: Sputnikაკაკი ზოიძე
აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას უჭერს მხარს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი აკაკი ზოიძე გამოდის ინიციატივით – ჩატარდეს რეფერენდუმი ან პლებისციტი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. პროტესტის ნიშნად მმართველი პარტია დატოვა 12-მა დეპუტატმა, რომელთა უმრავლესობას მაღალი თანამდებობები ეკავა, ოპოზიციამ კი საპროტესტი აქციები დაწიყო. 

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა ფრაქცია შექმნან

„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის – ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციას გაუკეთებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას, არ შესძენს მას შეუქცევად ხასიათს და რეალურად ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, თუ მისი ინიციატივა არ დაკმაყოფილდება, იგი მმართველ პარტიას დატოვებს და საერთოდ უარს იტყვის დეპუტატის მანდატზე.

„დაპირისპირება საზოგადოებაში უარყოფითად მოქმედებს თითოეულ მოქალაქეზე, აისახება ლარის დევალვაციაზე, ქვეყნის განვითარებაზე და აღვივებს უიმედობის შეგრძნებას და იმედგაცრუებას“, – აღნიშნა ზოიძემ.

მან ასევე მოუწოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეებს, პლებისციტის ჩატარების შემთხვევაში, მისი შედეგები მიიღონ როგორც სავალდებულო შემდგომი მოქმედებების განსაზღვრისას.

ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. თუმცა, ბოლო მომენტში მაჟორიტარი დეპუტატები ამ ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ. ოპოზიციამ ამას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპექტაკლი უწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0