00:38 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
სპეცრაზმი პარლამენტთან

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

© Sputnik / Alex Shlamov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (158)
65 0 0

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას ძალის გამოყენებაზე და ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დაიწყოს მუშაობა.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან არ წყდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებდა. 17 ნოემბრიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება განახორციელეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ხელი არ შეეშალათ დეპუტატების საქმიანობისთვის, აქციის მონაწილეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. შედეგად, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ აქცია სპეცდანიშნულების რაზმის საშუალებით დაშალა.

„სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია", – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია მოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად და კონსტიტუციის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების მიხედვით.

საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვისკენ და რომ მათი ჩართულობით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

განცხადებას ხელი მოაწერეს ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა – „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", "დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტმა", ფონდმა „საქართველო - ღია საზოგადოება", „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ".

ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აღარ გეგმავს საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების განხილვას. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციით 2024 წელშია გათვალისწინებული. დაგეგმილი 2020 წლის არჩევნები კი ძველი სისტემით გაიმართება: 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიებით აირჩევენ, ანუ პროპორციული სისტემით.

დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 19:00 საათზე განახლდება. როგორც ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას" ლიდერებმა განაცხადეს, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ამასთან, გეგმავენ პიკეტირების გაგრძელებას.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ, რადგანაც მათ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დანაპირები არ შეასრულეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებით, მათ ვერ შეძლეს მაჟორიტარი დეპუტატების დარწმუნება, რომ მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის. სწორედ მათი ხმა არ ეყო 14 ნოემბერს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (158)

მთავარი თემები