ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილით გაათავისუფლეს - აქცია თბილისში გრძელდება

© Sputnik / Alex Shlamovზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განახცხადა, რომ ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ცნობადი სახეა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე  დაკავებული ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ორშაბათს პოლიციამ  რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეებს რამდენჯერმე მოუწოდეს შეეწყვიტათ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და დეპუტატებისთვის საქმიანობის ხელშეშლა, რადგან ეს კანონით იკრძალებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

„გირჩის“ ლიდერი და პარტიის კიდევ ერთი წევრი იმედა კლდიაშვილი დღეს პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავა.

ტელეკომპანიის ცნობით, ზურაბ ჯაფარიძე თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც აქციაზე დაკავებული 16 პირი გადაიყვანეს.

„ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოვცხადდები, თუ დამიძახებენ. გასაგებია, რომ გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ვარ, თორემ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ასევე, არაფერი დაუშავებიათ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე პარტიის ორი წევრი – დავით მჟავანაძე და დავით გეგიაძე. დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.

პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები.

ყველა ახალი ამბავი
0