თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლაში დაადანაშაულა.
ორშაბათს შსს-მ გააფრთხილა აქციის მონაწილეები იმის შესახებ, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და დეპუტატებისთვის საქმიანობის ხელშეშლა კანონით იკრძალება, თუმცა აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს დაშლაზე. შედეგად შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებმა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
„ჩვენ გავიგეთ, რომ არ გვეღირსა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ზრუნავს ხალხზე, ფიქრობს ქვეყანაზე. მაგრამ ხომ შეიძლება ადეკვატურად იაზროვნო და ის ფუნდამენტი არ გათხარო, რომელზეც დგახარ. ის, რაც ახლა გააკეთა მთავრობამ, ეს ხომ პოლიტიკური თვითმკვლელობაა... ეს არის მცდელობა ოპოზიციის დაშინების", – განაცხადა ბურჯანაძემ "მთავარი არხის" ეთერში.
მან აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ცუდად დასრულდება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც.
თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან იმართება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები იყო გაშლილი, პარლამენტის დეპუტატებს შენობაში არ უშვებდნენ.
ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.
პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები.