კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საკოლექციო მონეტა აჩუქა

© photo: National Bank of Georgia / FBსაიუბილეო მონეტა
საიუბილეო მონეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლისთავს და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს საჩუქრად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გადასცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევროპის საბჭო - Sputnik საქართველო
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე 27 ნოემბერს გახდება

თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბრიდან გახდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლისთავს და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება. 1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა.

მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებთ – როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო, მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა"; Our Rights, Our Freedoms, Our Europe; „5 ლარი".

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ნოემბერში გადმოიბარებს

ავერსის მსგავსად, მონეტის რევერსიც ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაც ასევე წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული, რომელიც სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: „საქართველო"; Georgia; "20" (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); „1999-2019", ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" (I am Georgian, and therefore I am European).

საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

ამ დღეს საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე.

ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

20 წლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პატივსაცემად მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე ამოტვიფრულია ჟვანიას ცნობილი ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", რომელიც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0