საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე 27 ნოემბერს გახდება

გამოწერა
საქართველო ნოემბერში თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ნოემბერში გადმოიბარებს

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

თავმჯდომარეობის საქართველოსთვის გადმობარების ფარგლებში თბილისში ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩი.

„თქვენ იცით, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში", – განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენმდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ თამარ ჩუგოშვილთან.

საქართველოში მარია პეინჩინოვიჩ-ბურიჩის ვიზიტი 11 ნოემბერს დასრულდება.

საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

საიუბილეო მონეტა - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანების იუბილე ვერცხლის მონეტით აღნიშნა

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ნოემბერში გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე.

ევროპული ოჯახისკენ პირველი ნაბიჯები საქართველომ 1999 წელს გადადგა, როდესაც ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

20 წლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პატივსაცემად მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე ამოტვიფრულია ჟვანიას ცნობილი ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", რომელიც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0