თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. თუ პრეზიდენტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს, შეწყალების წინ წაიკითხავდა იმ ადამიანების საქმეებს, რომელსაც იწყალებდა, ის არ დაუშვებდა ამ შეცდომებს, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას.
ზურაბიშვილი: ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები >>
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, გიორგობაზე, 23 ნოემბერს შეიწყალებს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყვეს.
ნინო ბურჯანაძის თქმით, შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა.
„შეწყალებასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად არის ცნობილი. არავითარი ცვლილება არც დებულებაში და არც კანონში საჭირო არ იყო, ყველაფერი იყო გაწერილი. პრობლემაც არ იქნებოდა. ვერ გეტყვით, რას იზამს ამ შემთხვევაში, საერთოდ ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის ეთერში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე 31 ოქტომბერს განიხილეს მამალაძის საკითხი და შემდეგი გადაწყვიტეს: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.
მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა შეჩერებულია.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტის თქმით, ახალი წესების განხილვაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეწყალების წესის შესახებ" ბრძანებულების პროექტი შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გააცნო.