სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სემეკის ყოფილ თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. დავით ნარმანიას კანდიდატურას კომისიის ოთხივე წევრმა დაუჭირა მხარი.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
რა თანამდებობაზე მოიაზრებენ დავით ნარმანიას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა. ხელახლა კენჭისყრაზე მან უარი განაცხადა.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია. მანამდე, 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ის თბილისის მერი იყო.

ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის კონსტიტუციური უფლება არ ჰქონდა და მხოლოდ წევრების წარდგენა შეეძლო. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდა.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით, საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს. ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით (ნაცვლად 6 წლისა), მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.

 

ყველა ახალი ამბავი
0