ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს

© photo: Salome Zourabichvili / FB სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, მაგრამ თავისი ტერიტორიული პრობლემების გადასაწყვეტად რუსეთთან დიალოგზე უარი არ უთქვამს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე.

ზურაბიშვილი გაეროში: საქართველოს სტაბილურობის ფასი კარგად ესმის>>

„ომი და კონფლიქტები ჩვენი ისტორიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს არაერთი დამპყრობელი ახსოვს. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი თავისი არსებობის განმავლობაში 26-ჯერ გადაუწვავს მტერს. მისი ტერიტორია ხშირად იყო დაპყრობილი როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში. პერიოდულად რელიგია და თვით ქვეყნის იდენტობაც აქტიურად იდევნებოდა. მაგრამ იგი გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე", – განაცხადა ზურაბიშვილმა გაეროს ტრიბუნიდან.

ამასთან, პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა გაეროში ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

„ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება – ჩვენი რეაქციაა 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს პასუხი ომზე მრავალ კომპონენტს შეიცავს. ერთი მხრივ, ეს მშვიდობის შენარჩუნებაა, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყნის განვითარება.

„ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და გვჭირდება დიპლომატია. ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას. ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა იყო გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთანავე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვერაფერი აიძულებს, გადაუხვიოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზიდან.

ყველა ახალი ამბავი
0