21:51 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
საპროტესტო აქცია პარლამეტის წინ

უიდეობა და ურეიტინგობა ქართულ პოლიტიკაში, ანუ ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი?

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
31320

როგორც ოფიციალური, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული, ასევე პარტიების შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი სოციოლოგიური კვლევები ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე უიდეობისა და ურეიტინგობის ხანაა.

მმართველ პარტიას ხმამაღლა მოსახლეობის 20 პროცენტი უჭერს მხარს. ნაციონალებს – 9, ევროპელ დემოკრატებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეთაურობით – 4 პროცენტი. ამდენივეა ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პატრიოტების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი.

დანარჩენი, მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსები, ალბათ, 1 პროცენტს, ასე თუ ისე, მოაგროვებენ, მაგრამ გარდა სიჭრელისა, ნულპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული ძვრების ალბათობა 2020 წლის პარლამენტში არ ჩანს და, შესაძლოა, ეს საკანონმდებლო ორგანო არც იყოს დიდად სიცოცხლისუნარიანი.

უიდეობის ხანა უწოდა ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ქართულ პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობას.

მისი აზრითა და რეკომენდაციით, ეს პერიოდი უნდა დასრულდეს, თორემ წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად ნეგატიური მუხტით წარიმართება და ადამიანები არჩევნებზე, შესაძლოა, არც მივიდნენ.

რესურსების მმართველი პარტიის შიგნით მობილიზების იმედი აქვს ექსპერტ მამუკა არეშიძეს. ის ამბობს, რომ გახარია და კალაძე ორი რეიტინგული ფიგურაა ხელისუფლებაში და მალე მთავრობა თავად გაწმენდს საკუთარ რიგებს.

„ხელისუფლება ქუჩაში გდია და არავინაა მისი ამღები", – ასე ხატოვნად აღწერდა რეალობას ექსპერტი გია ხუხაშვილი ცოტა ხნის წინ. საქმე ისაა, რომ მოსახლეობის 57 პროცენტი ფიქრობს, რომ მის ინტერესებს დღეს არც ერთი პარტია არ გამოხატავს.

დღეს არსებული სოციალური ფონი და განწყობა ორ ახალი ტიპის იდეას უნდა უხსნიდეს გზას. პირველი სოციალური მიმართულების იდეოლოგიაა, რომელსაც საქართველოში რეალური ლობისტები არ ჰყავს. მემარცხენე იდეოლოგიის პარტიების ლიდერები საკუთარი ცხოვრების წესით ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლით შეპყრობილთა შთაბეჭდილებას ტოვებენ.

რაც შეეხება მეორე გზას: საქართველოს საუკეთესო ნაწილი – ეს ბობოქარი და მაქსიმალისტი ახალგაზრდობაა, რომლებიც, როგორც წესი, ინდიფერენტულები არიან პოლიტიკური პროცესების მიმართ. ამ სეგმენტის მოხიბვლას თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, მაგრამ თავისუფალ და გაჭირვებულ საქართველოში დაბადებული ადამიანები ძალიან პრაგმატულები არიან და ძველი პოლიტიკური ზღაპრებით მათი მოხიბვლა გაჭირდება.

რეალურად სწორედ ასეთი უნდა იყოს ამომრჩეველი – კრიტიკული და საღად მოაზროვნე, ანგარიშვალდებულების მომთხოვნი.

აშშ-ის ელჩის დანიშვნის პარალელურად განვითარებული პროცესები კი მიანიშნებს, რომ დასავლეთიც იწყებს მზადებას საკუთარი გავლენების გასამყარებლად კავკასიაში.

ბუნებრივია, დასავლეთთან მოლაპარაკე ხალხი დასჭირდება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

როგორც ჩანს, რეიტინგებმა მმართველი გუნდიც გამოაფხიზლა და ოპოზიციაც. „ქართული ოცნების“ მომხრეები საერთოდ ამგვარი კვლევების გაქრობას უჭერენ მხარს. ეს იდეა ვალერიან გორგილაძეს ეკუთვნის.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინიც გამოფხიზლდნენ და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ხაზარაძე, უსუფაშვილი და ბესელია აქტიურად განიხილავენ თანამშრომლობის საკითხებს.

ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლი, ახალი სახეები და ახალი იდეები სჭირდება და თუ ასეთი რესურსი არსებობს, ეს გაზაფხულამდე უნდა გაირკვეს... ბევრი ექსპერტი თვლის, რომ შესაძლოა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნოს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.

მართალია, სოციოლოგები ხშირად სცოდავენ, მაგრამ პოლიტიკით ქართული საზოგადოების იმედგაცრუება სახეზეა...

და სანამ ერი ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში ეძებს მხსნელს, პარტიებმა სრულიად ჩვეულებრივი, ხალხის ყოფის მცოდნე და ხალხის წიაღიდან გამოსული ლიდერები უნდა მოძებნონ, თორემ რეალური შედეგების ჩვენება გაუჭირდებათ.

 

მთავარი თემები