10:33 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
13201

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ადმინისტრაციაში შეწყალების დეპარტამენტი არსებობს, რომელსაც თავისი კურატორი ჰყავს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიით, რომელიც ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი იყო დაკავებული, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ Palitra TV-ს ეთერში.

ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. აღნიშნულმა ფაქტმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამისთვის ადმინისტრაციაში შეწყალების დეპარტამენტი არსებობს, რომელსაც თავისი კურატორი ჰყავს – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში მონაწილეობდა ამ სიის შედგენაში", – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, იგი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

ადრე ოპოზიციამ სწორედ გაბუნიაზე მიუთითა, რომელიც ცნობილი ადვოკატი იყო, და იგი შეწყალების საქმეში ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა თავიდანვე უარყო მსჯავრდებულთა შეწყალებასთან თავისი საპარლამენტო მდივნის რაიმე სახის კავშირი. ზურაბიშვილის სიტყვებით, მას გაბუნიასგან რჩევაც კი არ მიუღია. „ეს მისი კომპეტენცია არ არის და ის არ შეიძლება ამაში გარეული იყოს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ყოფილ ადვოკატზე, ეს გამორიცხულია", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და პასუხისმგებელიც თავად არის.

რაც შეეხება ანგი ხუციშვილს, იგი პროფესიით იურისტია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ზურაბიშვილის სასარგებლოდ თანხა გადარიცხა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 32 წლის ხუციშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები, აგარაკი, ბინა და ავტოფარეხი.

მთავარი თემები