10:36 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)
35 0 0

პრემიერ-მინისტრის აზრით, 20 ივნისი იყო „გავრილოვის დღე“, მაგრამ 20-21 ივნისის ღამე უკვე პარლამენტზე შტურმის ღამედ გადაიქცა, რა დროსაც პოლიციელებმა შეძლეს და დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პროკურატურა ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს და ის გადაწყვეტს, ვის დააკავებს, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი, ან ვის მიმართ დაიწყება სამართლებრივი დევნა. 

პრემიერ-მინისტრის სურვილია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ტერმინოლოგია შეიცვალოს, რადგან, მისი აზრით, 20 ივნისი იყო „გავრილოვის დღე“, მაგრამ 20-21 ივნისის ღამე უკვე პარლამენტზე შტურმის ღამედ გადაიქცა, რა დროსაც პოლიციელებმა შეძლეს და დაიცვეს „სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურნენ სახელმწიფოს და შეასრულეს თავიანთი ძირითადი ვალდებულებები“. მიუხედავად ამისა, პრემიერის თქმით, იყო გადაცდომები და ვერც ერთი ის პოლიციელი, რომელმაც უფლებამოსილებას გადააჭარბა, პასუხისგებას თავს ვერ აარიდებს.

„რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია. გამოძიება გრძელდება. თუ იქნება საჭირო ათი ადამიანის დაკავება, დააკავებენ ათ ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს აქციის დაშლის დროს დაშავებულების წინაშე, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 20 ივნისის აქციას ორგანიზება გაუკეთეს და „ტელევიზიის ეკრანზე მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში“.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)

მთავარი თემები