07:44 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
მამუკა ხაზარაძე

დადებს თუ არა ლელოს „ლელო" არჩევნებზე: პოლიტიკურ არენაზე ხაზარაძის მოძრაობა გამოჩნდა

© photo: Mamuka Khazaradze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში ცნობილი პოლიტიკოსები არ იქნებიან, ამასთან იგი საპარლამენტო არჩევნებამდე არც სხვა პარტიებთან აპირებს თანამშრომლობას.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიება სიმბოლურად ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე შედგა, სადაც მიმდინარეობს საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაზე უფლება რამდენიმე წლის წინ სწორედ ხაზარაძემ მოიპოვა.

ხაზარაძის პარტნიორი, ისევე, როგორც ბიზნესში, ბადრი ჯაფარიძეა. ბიზნესმენები, რომელთაც პროკურატურა TBC Bank-ის საშუალებით დაახლოებით 17 მლნ დოლარის გათეთრებას ედავება, ხელისუფლებას დევნასა და ასევე პორტის მშენებლობის პროექტის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი სიტყვებით, საქართველო აღმოჩნდა ჭაობში, რომლიდანაც გამოსვლას ვერ ახერხებს.

„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე. ამას ვაცხადებ მთელი სერიოზულობით. ამიტომაც ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში… ეს გაერთიანება უახლოეს დროში გარდაიქმნება პარტიად, ლიდერების პარტიად", – განაცხადა ხაზარაძემ.

იგი 2020 წლის არჩევნებამდე სხვა პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე... ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთან, მაგრამ ამ ეტაპზე არავისთან ვითანამშრომლებთ. ხოლო როდესაც არჩევნებში გავიმარჯვებთ და პარლამენტში მოვხვდებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, რა იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო", – აღნიშნა ხაზარაძემ. 

ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებით „ლელო" საკუთარი ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეულ ვადებს დაასახელებს.

Презентация партии банкира Мамуки Хазарадзе в Анаклия
© photo: Sputnik / Nika Lataria
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა

„ამისთვის თითოეულ სფეროში მოვძებნით 12 ლიდერს, ქალაქებსა და სოფლებში 12 რეფორმატორს, რადგანაც ეს ქვეყანა არ უნდა იყოს ერთ ადამიანზე დამოკიდებული", – განაცხადა ხაზარაძემ.

თავის მხრივ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მოძრაობა იქმნება არა ერთ ადამიანთან – მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად.

„ჩვენ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ არ ვერთიანდებით, ჩვენ ვერთიანდებით ქვეყნის მომავლისთვის და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ იარსებებენ საძულველი ადამიანები", – განაცხადა ჯაფარიძემ.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო" შემთხვევით არ შეარჩია. ლელო – რაგბის მსგავსი ქართული თამაშია. გარდა ამისა, „ლელო" ეწოდება რაგბიში ბურთის დადებას მეტოქის ჩათვლის მოედანზე.

„თითოეულმა ქართველმა უნდა დადოს თავისი ლელო", – განაცხადა ხაზარაძემ.

მთავარი თემები