09:25 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ქუვეითში, ვატიკანსა და უკრაინაში ახალი ელჩები ჰყავს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (99)
29 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე ელჩს დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში ახალი ელჩები დანიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი გახდა თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში – ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

უკრაინა – თეიმურაზ შარაშენიძე

თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა. 2004-2008 წლებში იყო ბულგარეთში საქართველოს ელჩი. 2011-2018 წლებში – აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი. სხვადასხვა წლებში თურქეთსა და ბულგარეთში ქვეყნის გენერალური კონსული იყო.

შარაშენიძე ასევე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

შარაშენიძემ ელჩის თანამდებობაზე გელა დუმბაძე შეცვალა.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს.

ქუვეითი – კონსტანტინე ჟღენტი

რაც შეეხება ქუვეითში საქართველოს ახალ ელჩს კონსტანტინე ჟღენტს, იგი 2013-2018 წლებში იყო საქართველოს ელჩი უზბეკეთში. ჟღენტი ქვეყნის საგარეო უწყებაში მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობს და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობები ეკავა.

სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და აშშ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 2004-2005 წლებში ავსტრიასა და უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა, 1997-2000 წლებში კი იტალიაში საქართველოს ელჩი იყო.

2018 წლიდან დღემდე კონსტანტინე ჟღენტი არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ჟღენტმა თანამდებობაზე როლანდ ბერიძე შეცვალა.

საქართველოსა და ქუვეითს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 სექტემბერს დამყარდა.

ვატიკანი – ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი

ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2004-2014 წლებშიც ეკავა. 1991-2004 წლებში რომში იყო იტალიურ-ქართული ასოციაცია „წმინდა გიორგის ფარის“ პრეზიდენტი.

2009 წელს მას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა. ამავე წელს ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვრით დააჯილდოვეს.

ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი ასევე დაჯილდოებულია ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედლით, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX-ის ორდენის დიდი ჯვრებით.

1995 წელს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

ბაგრატიონ-მუხრანბატონმა პოსტზე თეა ჩხაიძე შეცვალა.

საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 5 მაისს დამყარდა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (99)

მთავარი თემები