თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეკრებას მართავს, რის შესახებაც პარტიის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.
„8 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლეში! 15 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით! ნუ დარჩებით სახლში — შემოგვიერთდით!“ — ნათქვამია პარტიის ფეისბუქ−გვერდზე 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, 15 სექტემბერს საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
„დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა, აქციების სეზონს ვხსნით... 15-ში რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და მსვლელობას მოვაწყობთ, 22-შიც შევიკრიბებით, 29-შიც. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის პირველ კვირას გავავსებთ თავისუფლების მოედანს“, განაცხადა მან.
თარხან−მოურავის თქმით, ხელისუფლება „ლაყბობის“ მეტს არაფერს აკეთებს, არ სჯის მათ, ვინც დასასჯელია და „არავის დასჯის, თუ არ იქნება დიდი საპროტესტო აქციები“.
ამასთან დავით თარხან−მოურავი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და მთავრობის „წესიერ“ წევრებს, გადავიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარეს და მათთან ერთად განაგრძონ ბრძოლა. „პატრიოტების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა 2020 წლის ბოლომდე ხელისუფლება შეიცვალოს.