თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უკმარისობაა. ამჟამად იქ მუშაობს 11 მოსამართლე მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა 28-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ეს კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დღეს ორ ეტაპად წარიმართა.
პირველი კენჭისყრის შედეგად საბჭოს 12 წევრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა (11 ხმა) ორმა კანდიდატმა – საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ და უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია ვაჩაძემ მიიღეს.
მეორე ეტაპზე სათითაოდ ეყარა კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს. იმისთვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად შერჩეულიყო, საჭირო იყო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.
პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს არამარტო კანდიდატების სია, არამედ მათ შესახებ ინფორმაცია, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.
გამოქვეყნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ქულები >>
პარლამენტის დეპუტატები მოსამართლეთა ყველა კანდიდატს განიხილავენ და თითოეულს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან. მოსამართლე ის გახდება, ვინც დეპუტატთა 76 ან მეტ ხმას მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უარს იტყვის ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე, მაშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდნენ.