პროკურატურა: 6 სექტემბერს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა უარყოფს TBC Bank-ის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დიპლომატებთან დახურული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე.

დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. მათი მტკიცებით, დახურულ შეხვედრაზე დაგეგმილია ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძე: პროკურატურა ცდილობს პასუხისმგებლობა დიპლომატიურ კორპუსზე გადაიტანოს

პროკურატურა TBC Bank-ის დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებას არასწორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის ინიციატივით, ასევე უკვე ჩართული არიან უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.

„რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება ასევე აცხადებს, რომ არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს პროკურატურამ შესთავაზა.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: ხაზარაძე–ჯაფარიძის მიერ საქმის მასალები არასრულყოფილად გასაჯაროვდა

„ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების საქმიანობის და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე და ნაცვლად წინასწარი პატიმრობისა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში დაელოდებიან.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო. საუბარია TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700–700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრიტანული ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს

აღნიშნული საქმის ფარგლებში პროკურატურამ 22 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგაც. საქმე ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის" საბანკო ოპერაციის მეშვეობით 17 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ავთანდილ წერეთლის კუთვნილი კომპანიების – „სამგორი თრეიდისა" და "სამგორი М"-ის დახმარებით. ამჟამად ამ კომპანიების წილს მისი ვაჟი ვახტანგ წერეთელი ფლობს, რომელიც TV Pirveli-ს დამფუძნებელია. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ხაზარაძე TBC Holding-ის დამფუძნებელია, რომელმაც ამერიკულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნა. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. თუმცა "კონტი ჯგუფმა" ცოტა ხნის წინ კონსორციუმი დატოვა.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
გირაო გადახდილია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს

ფულის გათეთრების საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება. ასევე სექტემბერში იგეგმება ხაზარაძის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაც, რომელიც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიად გარდაიქმნება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია. უფრო მეტიც, ხაზარაძემ საქართველოს ხელისუფლებას არსებული მმართველობის სისტემის ნგრევის პირობა მისცა. მისი სიტყვებით, ისინი, ვინც 2012 წელს დაუჯერა და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, მოტყუებული აღმოჩნდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0