რატომ შეიწყალა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი – პრეზიდენტი კომენტარზე უარს აცხადებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ საფრანგეთში მისი ვიზიტის დროს სამშობლოში პატიმრების შეწყალების თემას განიხილავენ.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მსჯავრდებულთა შეწყალება ჩემი კანონიერი უფლებაა, განაცხადა საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავისი ბოლო გადაწყვეტილების გამო სხვა კომენტარზე უარი თქვა.

ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო იყო გასამართლებული. ამან ოპოზიციისა და რიგითი მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ამ თემის განხილვა არ წყდება.

„რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა და არაიურისტმა იცის ეს კარგად. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", – განუცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს.

ამასთან, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ევროპაში ვიზიტის დროს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ყურადღების სხვა საკითხზე გადატანის მცდელობა ხდება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა

„თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში. დღეს მნიშვნელოვანია აქ რაც ხდება, იმაზე ვისაუბროთ. ჩავალ თბილისში, არსად არ გავიქცევი და ვნახავთ, რა არის პასუხი", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. გამოძიების მონაცემებით, მას და დევაძეს შორის, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომლის დროსაც დევაძემ პოლიციელს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და მას თავში ესროლა. მუკბანიანი ადგილზე გარდაიცვალა.

2015 წლის სექტემბერში დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. ის რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

სხვებთან ერთად პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო ასევე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

„ეს შემთხვევა ჩემთვისაც არ არის მისაღები – პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება, რომელსაც სასჯელის ნახევარიც არ აქვს მოხდილი", – განუცხადა ოხანაშვილმა პირველ არხს.

მან გვერდი არ აუარა ასევე ზურაბიშვილის წინამორბედ გიორგი მარგველაშვილსაც, რომელიც ასევე გახდა კრიტიკის ობიექტი შეწყალების გამო, კერძოდ, მის მიერ შეწყალებულმა პირმა გათავისუფლების შემდეგ ყოფილი ცოლის ქალიშვილი მოკლა.

„ფაქტია, რომ რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა მარგველაშვილს და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ ჰქონდა თავისი უფლებამოსილების გამოყენების დროს. ის სამართლებრივი უსაფრთხოების კონცეფციას, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა თავისი რეკორდული შეწყალებებით", – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0