რა მოხდება „რუსთავის 2“–თან დაკავშირებით? – პრემიერი მედიის თავისუფლების გარანტიას იძლევა

© photo: Mamuka Bakhtadze / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა მედიის თავისუფლება ქვეყნის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik.  საქართველოში აუცილებლად იქნება მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ია კიწმარიშვილი: მოვუწოდებ პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან

ორშაბათს ტელეკომპანიის ახლანდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ აუქციონის წესით კომპანიის 100%–იანი წილის გაყიდვას აპირებს.  ხალვაშმა ტელეკომპანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის განცხადების საფუძველზე დაიბრუნა. ამის შემდეგ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც, ხალვაშის აზრით, „რუსთავი 2“ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

 „მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ეს არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ესმის”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ მედიაპლურალიზმი და თავისუფლება არის გარანტი იმისა, რომ საქართველო განვითარებას გააგრძელებს.

 „რუსთავი 2“–ის კრიზისი

მანამდე ტელეკომპანიის ახლანდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ  ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წყალობით „რუსთავი 2“ ფინანსური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა – კომპანიის დავალიანება 70 მლნ ლარს აღწევს.

ბიზნესმენის მტკიცებით, გვარამიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომპანიისთვის ზარალი მიეყენებინა.

ხელისუფლება გეგმავს თუ არა ტელეკომპანიისთვის დავალიანების ჩამოწერას, ჟურნალისტებმა აღნიშნული კითხვით საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართეს. 

ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის ყოფილი ფინანსური დირექტორი პროკურატურაში გამოკითხეს

 „ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა, ვალების ჩამოწერის წინადადებით არავის მოუმართავს. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდა მარტივი არ იქნება. ამისთვის აუცილებელია რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

1994 წელს დაარსებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. 2015 წელს „რუსთავი 2"-ზე პრეტენზია განაცხადა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა. ბიზნესმენის განცხადებით, მას ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულეს. საბოლოოდ, ბიზნესმენმა რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შედეგად, მოიგო საქმე, რომელიც ერთ-ერთ- რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„რუსთავი 2“–მა მფლობელი  მას შემდეგ შეიცვალა, როგორც კი ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ხალვაშს ტელეკომპანიის წილების 60%, მის კომპანია „პანორამას“ კი 40% ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0