17:25 17 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2699
  • 100 RUB4.6206
  • USD2.9608
რუსთავი 2

ია კიწმარიშვილი: მოვუწოდებ პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)
155 0 0

ტელეკომპანია „რუსთავი2"-სთვის ბრძოლა გრძელდება - ტელეკომპანიის ყოფილი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2"- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყიდის>>>

1994 წელს დაარსებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე დიდხანს ტელეკომპანიას ფლობდა მისი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ორ თანადამფუძნებელთან – დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად.

მას შემდეგ, რაც 2003 წელს ქვეყნის სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა თავიანთი წილი გაყიდეს. იქიდან მოყოლებული დაიწყო მუდმივი გარიგებების პერიოდი სხვადასხვა, მათ შორის, ოფშორული კომპანიის მიერ არხის ყიდვა-გაყიდვის საკითხზე, ვიდრე 2012 წელს „რუსთავი 2" ძმებმა ყარამანაშვილებმა არ შეიძინეს.

2015 წელს „რუსთავი 2"-ზე პრეტენზია განაცხადა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა. ბიზნესმენის მტკიცებით, მას ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულეს. საბოლოოდ, ბიზნესმენმა რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შედეგად, მოიგო საქმე, რომელიც ერთ-ერთ- რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნება 2014 წელს, არხის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მოითხოვა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ მოყვებოდა, თუ როგორ აიძულეს თავის დროზე „რუსთავი 2" ხალვაშისთვის მიყიდვა. რაც შეეხება დვალსა და აქიმიძეს, ისინი ტელეკომპანიის ახალი მფლობელისგან, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისგან 60%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ.

გარდა ამისა, ტელეკომპანია  „რუსთავი 2"-ზე საკუთარი უფლებები საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა  ტელეკომპანიის მფლობელების შეცვლის შემდეგ წამოაყენა.

ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის მფლობელი არასდროს ყოფილა და უბრალოდ ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. ამის დასტურად ოქრუაშვილმა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი წარმოადგინა, რომლის თანახმად, მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ აღნიშნულ დოკუმენტს ჯერ კიდევ მაშინ უწოდა ყალბი. ამ დროისთვის ორაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში იმყოფება. მას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, 27 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც დღეს ია კიწმარიშვილმა განაცხადა, „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს ჯერ კიდევ 2009 წელს, თავად ეროსი კიწმარიშვილმა მიმართა, თუმცა, სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გამო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი წილი…დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, როდესაც ეს გახდა მათთვის აქტუალური. ეროსი ამას დავობდა 2009 წლიდან. დღეს ქიბარ ხალვაში გეგმავს, გაასხვისოს „რუსთავი 2" და მე მინდა მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან ვაპირებ, ამ საქმეს მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო, თუ სტრასბურგი", – განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

„რუსთავი 2"- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის მწვავე ფინანსური მდგომარეობაა.

ტელეკომპანია ახალი რეალობის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ხალვაშმა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ დღესვე გაათავისუფლა თანამდებობიდან და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

9 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ  ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. გამოძიების მტკიცებით, მის მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 მლნ ლარზე მეტი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. საქალაქო სასამართლომ გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის სააგენტომ 18 ივლისს დააკმაყოფილა ბიზნესმენ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის წილების ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმების შესახებ. 

 

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)

მთავარი თემები