16:28 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება

ანაკლიის პორტის, „ქართველი ხოდორკოვსკების“, „TV პირველისა“ და 17 მილიონის შესახებ

© photo: courtesy of Giorgi Kvirikashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
16420

დააკავებენ თუ არა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს?

იმ დროს, როცა ლარს გაფრენილი არწივი ვეღარ ეწევა, „თი-ბი-სი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გუშინ 12 პროცენტით, დღეს კი მხოლოდ ორ საათში პროცენტ-ნახევრით გაუფასურდა. „ფეისბუქში“ გურულები ენამოსწრებულად ხუმრობენ, „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურორმა უნდა თქვას, ჩემს სიტყვებს ფასი აქვსო“.

130 მილიონი – ასეთი იყო გუშინ ამ სიტყვებისა და პრესკონფერენციის ფასი. არავინ იცის, რა იქნება დღეს. გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურატურის პოზიციას და გასცემს თუ არა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრების ბრძანებას. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანა ამ ცხელ ზაფხულს კიდევ ერთი დიდი სკანდალის წინაშეა. სხვათა შორის, საერთაშორისო სკანდალის.

ნამდვილად არ ვიცით, სჯერა თუ არა ოფიციალურ მოსკოვს ოფიციალური თბილისის ცრემლების, მაგრამ ფაქტია, რომ ვაშინგტონში შეშფოთდნენ.

აშშ-ის საელჩომ, რომელსაც არსებითი არაფერი უთქვამს სტრასბურგის მიერ „რუსთავი2“-ის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ამჯერად გამოძიებას მოუწოდა – დამაჯერებელი ფაქტები წარმოადგინოს „TBC ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ.

ამავე დროს საელჩო ხაზს უსვამს, რომ მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ანაკლიის პორტის მშენებლობას და საქართველოს საზღვაო გამტარობის მატებას.

გულუბრყვილო ადამიანი იკითხავს, თუ ასეთი მნიშვნელოვანია ეს პორტი, რატომ არ დააფინანსებს ამერიკის მთავრობა მის მშენებლობასო.

ფაქტია, რომ დღეს არათუ ანაკლიის პორტის მშენებლობის, არამედ „თიბისი ბანკის“ მომავალიც კი, მისი დამფუძნებლების თქმით, საფრთხეშია.

ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ მათ უკვე უწოდა ქართველი ხოდორკოვსკები.

გია ხუხაშვილიც თვლის, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დაანონსებით პილიტიკურ ველზე საფრთხე შეუქმნა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორპოლუსიან პოლიტიკურ რეალობას.

ამასობაში ირკვევა, რომ ხაზარაძის ფინანსებზეა დამოკიდებული კიდევ ერთი ოპოზიციური არხი – „TV პირველი“.

უმრავლესობის ლიდერს გია ვოლსკის კითხვები არა ბანკის დამფუძნებლების დაკითხვის პოლიტიკურ კონტექსტთან, არამედ 17 მილიონთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით უჩნდება.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, როგორც ჩანს, არ დააპატიმრებენ. მათ უფრო რთული ბრძოლა ელით – ბრძოლა შექმნილი ფინანსური იმპერიის გადასარჩენად. ამ ბრძოლაში მესამე გზა და შუა არ არსებობს. ან გადარჩები, ან – ვერა. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაანადგურეს პატარკაციშვილის ფინანსური იმპერია ისე სწრაფად, რომ დღეს ბევრს „კორსტანდარტბანკის“ სახელიც კი აღარ ახსოვს.

მთავარი თემები