თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში კვლევითი ცენტრი გაიხსნა, სადაც მოხდება ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასება–გაანალიზება, რომელიც დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს არის ზედმიწევნით კარგად დაგეგმილი რეფორმა, რომელიც უკვე დაწყებულია. შემუშავებულია კვლევითი ცენტრის დებულება და შეთანხმებულია ცენტრის მუშაობის ძირითადი პრინციპები. გვსურს გადავიდეთ განვითარების ისეთ ეტაპზე, სადაც ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაეფუძნება მტკიცებულებებს, ანალიზს და დაეფუძნება კვლევის შედეგებს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, კვლევითი ცენტრის რეფორმა არა მარტო პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესებშია.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს ისტორია, როდესაც ჯერ გადაწყვეტილებები მიიღებოდა და შემდეგ ხდებოდა კვლევა–შეფასება, თუ რამდენად სწორი და რამდენად სასარგებლო იყო ეს გადაწყვეტილებები", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კვლევითი ცენტრის დირექტორის თანამდებობა გიორგი ხელაშვილმა დაიკავა. თალაკვაძის სიტყვებით, ხელაშვილს სამეცნიერო-ანალიტიკური მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს.