10:33 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ბიძინა ივანიშვილი

რატომ აპირებს შემოდგომიდან ბიძინა ივანიშვილი გააქტიურებას

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
404 0 0

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემის შემოღებას?..

ბიძინა ივანიშვილი ბათუმიდან საზოგადოებას დაჰპირდა, შემოდგომიდან „ქართული ოცნება“ სერიოზულად გააქტიურდება და რეგიონებში ხალხს მოუსმენსო. მოსასმენი კი მართლაც ბევრია. რეალურად, ერთი წლით ადრე საარჩევნო კამპანიას ყველა პოლიტიკური ძალა იწყებს, ვისაც რაიმე შედეგის ჩვენება სურს 2020 წლისათვის.

პოლიტიკური პარტიებისთვის კი სიტუაცია ნაწილობრივ უიმედოა და ნაწილობრივ – იმედისმომცემი. გვჯერა თუ არა, ყველა სოციოლოგიური კვლევა გარკვეულწილად ასახავს რეალობას და გვაჩვენებს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილი ფრუსტრირებულია და უიმედოდ არის განწყობილი. ამაზე მეტყველებს მმართველი პარტიის 26 პროცენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ 22 პროცენტი. თუმცა თუ მესამე პოლიტიკური ძალის – „ევროპელი დემოკრატების“ 7 პროცენტსაც დავამატებთ, გამოდის, რომ სააკაშვილის დანატოვარი პარტიები დღეს მოსახლეობაში მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე მმართველი პოლიტიკური ძალა, რაც მისი ლიდერისთვის, ბუნებრივია, დამაფიქრებელია. ფაქტია, რომ თუ დღეისათვის არსებული 3-პროცენტიანი ბარიერი და მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდა, „ქართული ოცნება“ ისევ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. ყველა სხვა შემთხვევაში მას კოალიციის შეკვრა მოუწევს რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან.

ამ ფონზე სრულიადაც არაა უცნაური ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის მიესალმება ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში. თუ ამ გაერთიანებაში ასე მრავლად იქნებიან წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები – გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი ალავიძე, ბუნებრივია, ის „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სანდო და სტაბილური პარტნიორი შეიძლება გახდეს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები არიან.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დღეს ყველაზე მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება და პოლიტიკური ველის დაწმენდა სწორედ მმართველ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს.

მეორე საკითხია ის, რომ სექტემბრიდან, გარდა რეგიონებში გასვლისა და ხალხთან შეხვედრისა, „ქართულ ოცნებაში“ შიდა საკადრო წმენდაა დაგეგმილი. ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, მან იცის „ოცნების“ პირველი ათი არაპოპულარული სახე, ვისგანაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს პარტიის გაწმენდას.

სწორედ ელისო კილაძე წერს, რომ შემოდგომიდან დაგეგმილია დიდი პარტიული და სამთავრობო საკადრო ცვლილებები. თუმცა უფრო დეტალურად დღეს ამაზე საუბარი, ბუნებრივია, ნაადრევი იქნებოდა.

სექტემბრიდან განახლდება ასევე დისკუსიები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე. მართალია, პარლამენტში შესაბამისი ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ მის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები და 113 ხმა სჭირდება. „ევროპელმა დემოკრატებმა“ უკვე განაცხადეს, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემენ, მაგრამ საკითხავია, რას იზამენ მაჟორიტარები, რომლებიც ამ ცვლილებებს დიდად არ მიესალმებიან, აგრეთვე „პატრიოტები“, რომელთაც ასევე წაართმევენ ხმებს უფრო პატარა პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც რეალურად ყველაზე მეტად აზარალებს ნულოვანი ბარიერი.

მართალია, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევნებამდე ერთ წელზე უფრო მეტ დროში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, მაგრამ შემოდგომაზე მომავალი პარლამენტის კონტურები ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს. ასევე შემოდგომის მიწურულს გაირკვევა, რეალურია თუ არა, რომ 2020 წელს საქართველომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩაატაროს.

მთავარი თემები