16:22 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ზაქარია ქუცნაშვილი

შეუწყდება თუ არა ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება: კომიტეტი ხვალ იმსჯელებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)
131 0 0

მოქმედი კანონმდებლობით, თუ ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეუწყდება, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ ოლქში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე ხვალ, 16 ივლისს იმსჯელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა>>>

დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა 21 ივნისს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა – მან 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. იმის გათვალისწინებით, რომ საგაზაფხულო სესია დასრულებულია, ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოხდეს. თუმცა, უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეუწყდება, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ ოლქში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.

20 ივნისს თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. ზაქარია ქუცნაშვილი კი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.

მომხდარი მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ორი მუხლით - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკანორ მელიას, რომელსაც პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

პარლამენტის წინ აქცია ამ დრომდე გრძელდება, რომლის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა.

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)

მთავარი თემები