თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დღეებში წარმოქმნილი პრობლემები დაიძლიოს, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ РБК–თვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. რუსეთის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში აგორებული პროტესტის პასუხად მიიღო.
„ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება აუცილებელი საგანგებო გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი სიტყვებით, საქართველოსთვის ყველა ტურისტი ფასეულია.
„მთლიანობაში, რაც შეეხება ტურისტებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას – კერძოდ, როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ტურიზმი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი სექტორია. რუსი ტურისტები, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ტურისტები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰუმანიტარული კავშირების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბოლო დღეებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად“, – აღნიშნა აბაშიძემ.
ტურისტებს შორის, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, რუსი ტურისტები პირველ ადგილზე არიან. 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 31%–ით მეტია.