თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სპეცოპერაცია პანკისში - საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის საკითხი ჩააგდო>>>
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ჩააგდო ოპოზიციის ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელსაც 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის საქმე უნდა გამოეძიებინა.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვება დღეიდან განახლდება.
„ვიდრე ჩემი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, მე აქ კარვებიც მექნება, ხელმოწერებსაც შევაგროვებ და კომისიასაც შექმნიან. სახელმწიფო თუ არ აღიარებს შეცდომას, ეს ხელისუფლებაც გადადგება. დღეს აქ მყოფი პროტესტანტები რას გააკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ მე ვიქნები მათ გვერდით“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კომისიის შექმნას სამის წინააღმდეგ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა აუცილებელი იყო, სულ მცირე 50 ხმა.
მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ 2017 წლის 26 დეკემბერს ტერორისტ აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ სპეცრაზმმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ ეჭვმიტანილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.
თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ახალგაზრდას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნიდა, მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთის კლინიკაში გადაყვანამდე - 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ თემირლანს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ ტელეფონი ეჭირა. მეტიც, მათი მტკიცებით, ახალგაზრდას ტერორისტებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
მოგვიანებით ტერორისტებისთვის დახმარების აღმოჩენაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა რუსლან ალდამოვმა თავის ადვოკატს განუცხადა, რომ მაჩალიკაშვილს, შესაძლოა, შეცდომით ესროლეს, რადგან ის ალდამოვი ეგონათ. ეს აზრი ალდამოვს მაშინ გაუჩნდა, როდესაც სპეცრაზმმა მას სახელი დაკავების შემდეგ ჰკითხა.
მაჩალიკაშვილის დაღუპვიდან მალევე, 2017 წლის იანვარში, პროკურატურამ მისი სასიკვდილოდ დაჭრის გარემოებების გამოძიება დაიწყო. გამოძიება გრძელდება, თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კი მსროლელი სპეცრაზმელისა და მისი ხელმძღვანელების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.