07:43 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი მხრიდან

© FB / Mamuka Bakhtadze
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (120)
52 0 0

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკაში ვიზიტისას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნა ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ამჟამად არსებული ვითარებით, ე.წ. ფინანსური დახურვის შესახებ დოკუმენტის გაფორმების ვადა 15 ივნისს იწურება. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ოთხი საერთაშორისო ბანკის მიერ 400 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის კრედიტის ჩარიცხვის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. დანარჩენი 400 მილიონი დოლარი კონსორციუმმა კრედიტის სახით უცხოური ინვესტორებისგან უნდა მოიზიდოს. პორტის მშენებლობისთვის კრედიტორები მოიძებნა, მაგრამ თანხის საბოლოო მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დახურონ. სწორედ ამ კომპონენტში შეიქმნა პრობლემები და ამ საკითხს განიხილავენ მთავრობის სხდომაზე.

ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პროექტის სრული მხარდაჭერის შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ვაშინგტონში გააკეთა.

„ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და, უფრო მეტიც, ჩვენ ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალაკალიანი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონსორციუმს ამ პროექტის განვითარებაში.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდეც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში 5 ივნისს დაიწყო და 14 ივნისამდე გასტანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუს გამართავს. უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პრემიერი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს და სხვადასხვა სფეროში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ესაუბრება.

მამუკა ბახტაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში, სადაც იმ შესაძლებლობებზე ისაუბრებს, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს >>>

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვია ვაშინგტონს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენცია, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელზეც მოწვეული არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

რა მოთხოვნები წაუყენა ანაკლიის პორტის ინვესტორმა საქართველოს მთავრობას >>>

ანაკლიის პორტის მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხში ამ ეტაპზე მთავარ პრობლემას ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკის დაზღვევა წარმოადგენს. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ამ კრედიტების უზრუნველყოფა აიღოს თავის თავზე, მეორე მხრივ – ტვირთების შემოსვლის რისკები დაფაროს.

თავის მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ კომერციული რისკების დაზღვევას არ აპირებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (120)

მთავარი თემები