„პოლიტიკური მანიპულაციები დაუშვებელია" – ზურაბიშვილი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შესახებ

© photo: President of Georgia პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები მეგობრობაზეა დაფუძნებული.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ისინი, ვინც საზღვრის სადავო მონაკვეთებზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების ირგვლივ აჟიოტაჟს ქმნის.

საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიც. გუშინ სასულიერო პირებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა იქ აქცია-მსვლელობა მოაწყვეს ლოზუნგით „დავით-გარეჯი საქართველოა". ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების დაცვის უუნარობაში ადანაშაულებენ.

აქცია დავით-გარეჯში და ხელისუფლების ოპტიმიზმი: აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება>>

ამასთან, გასულ კვირაში რვა წლის შემდეგ მუშაობა განაახლა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივმა კომისიამ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტების დონეზე ჩაატარონ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერება და ამის შემდეგ განაგრძონ მოლაპარაკებები.

„ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კომისიებზე მოლაპარაკებების გზით წყდება. ეს 21-ე საუკუნის მშვიდობიანი და ნორმალური გზაა. ვისაც სურს სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს. წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით. ეს პოლიტიკური მანიპულაციები ორივე ქვეყანას ავნებს, ავნებს კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ეს არავის სჭირდება. ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამიტომ შევუდექით საბოლოო მიზნისათვის ერთობლივ მუშაობას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებით პრეზიდენტი თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ მიღებაზე გამოვიდა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
„პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ" – ილია მეორე დავით-გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე

ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის განვითარების საერთო გზა.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.

ამას დაემატა ისიც, რომ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხარე დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობას განაგრძობს. ქართულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი განმარტება და ასევე მოითხოვა საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოძრაობის აკრძალვა, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სპეცტექნიკა ამჟამად ტერიტორიიდან გაყვანილია.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: დავით-გარეჯის სიტუაციის ირგვლივ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს

ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მხარეები ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც მისაღები იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. „სწორედ ესაა მოლაპარაკებების ხიბლი", – აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები მეგობრობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

ყველა ახალი ამბავი
0