თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ჩვენი ამოცანაა, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება და ყველა უწყება მომართულია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.
ჩუგოშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.
„ცალკეულ ადგილებზე შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ კანონდარღვევას მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.
ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა და მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.
„უმნიშვნელოვანესია, დღეს ყველა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, ვინაიდან არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისა, რომ ეს არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს. ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს პასუხი იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ოპონენტების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში“, -აღნიშნა მან.
ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მმართველი პარტია აკვირდებოდა ვითარების დაძაბვის მცდელობებს, განსაკუთრებით ზუგდიდის საოლქო კომისიაში და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ატყობინებდა იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონდა ადგილი ან შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა კენჭისყრის დღეს.
დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.
ცესკოს ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.