08:14 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
მამუკა ბახტაძე

„არავის შერჩება“ – ბახტაძე არჩევნების წინ დაპირისპირებულ მხარეებს აფრთხილებს

© photo: Government of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)
16710

ოპოზიცია არჩევნების წინ ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აფრთხილებს ყველას, ვინც არჩევნებამდე ან 19 მაისს, კენჭისყრის დღეს პროვოკაციებს გეგმავს, რომ აღნიშნულ ქმედებებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

პროკურატურა სწავლობს ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ამომრჩევლების მოსყიდვაზეა ლაპარაკი>>>

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ზუგდიდის რაიონში, სადაც მერობის კანდიდატი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსია, ვითარება ძალიან დაიძაბა. სამშაბათს ზუგდიდში ადგილობრივებსა და რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დააკავეს. ოთხშაბათს კი ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოში. ოპოზიცია საკრებულოს ერთ წევრს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა და მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა.

„არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვითარება ზუგდიდის საკრებულოში განსაკუთრებით ოთხშაბათს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია Rustavi2-მა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრი გია დანელია ჯერჯერობით უცნობ მამაკაცთან განიხილავს ამომრჩევლების მოსყიდვის საკითხს. ჩანაწერში ისმის, დანელია როგორ ესაუბრება ვიღაც მამაკაცს იმის შესახებ, რომ „ზემოდან“ მიიღო მითითება ზუგდიდის მერის არჩევნებზე პირველივე ტურში ნებისმიერი მეთოდით მიღწეულ იქნას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება. ამისათვის ხმების 50%-ზე მეტია საჭირო.

ვითარებაში გარკვევის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერები, მათ შორის, დეპუტატი ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და მათი თანამოაზრე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ოპოზიციამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვა და დანელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვა მოითხოვა.

„იქ (საკრებულოში - რედ.) „ქართული ოცნებიდან“ 43 დეპუტატია. ჩვენ მხოლოდ ერთ მათგანზე ვიცით. ვინმეს სჯერა იმის, რომ ამაში მარტო ერთი დანელიაა ჩართული და დანარჩენი 42 არაფერ შუაშია?“ – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან.

მიუხედავად დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებებისა, ოპოზიციამ მაინც მოახერხა საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე შენობაში შესვლა და განცხადების შეტანა.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი ტიპის გაყალბება არ გაუკეთებია და არც აპირებს არჩევნების შედეგებზე გავლენის ასე მოხდენას. ვინაიდან ამ პოლიტიკურ ძალასთან („ნაცმოძრაობა“ - რედ.) ურთიერთობის საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება გვაქვს, რა თქმა უნდა, პროვოკაციებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მისი სიტყვებით, ოპონენტები ცდილობენ ნეგატიური ელფერი შესძინონ არჩევნებს, რამდენადაც იციან, რომ მმართველ პარტიას ძლიერი კანდიდატი ჰყავს.

ამასთან, პროკურატურამ უკვე დაიწყო სკანდალური ვიდეოჩანაწერის შესწავლა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით („ამომრჩევლის მოსყიდვა“), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

თავად გია დანელიამ ამ ჩანაწერს გაყალბებული უწოდა.

საქართველოში კვირას შუალედური საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნები ჩატარდება თბილისის მთაწმინდის რაიონში, საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

 

 

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)

მთავარი თემები