აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი მეთაური ჰყავს

გამოწერა
2019 წლის იანვრიდან ამ დრომდე რუსლან აბაშიძეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მის კანდიდატურას აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. აბაშიძის სიტყვებით, ახლო მომავალში ის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება.

გუშინ ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა 2013 წლიდან, გადადგომის თაობაზე განცხადებით უზენაეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა.

ვახტანგ ყოლბაია - Sputnik საქართველო
ვახტანგ ყოლბაიამ თანამდებობა დატოვა

2019 წლის იანვრიდან ამ დრომდე რუსლან აბაშიძეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

1996 წლიდან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში. 2013-2014 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს. საქართველოც მომხრეა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0