იაპონიაში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

© Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე იაპონიაში
მამუკა ბახტაძე იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ქართველ და იაპონელ ხალხებს შორის კარგი ურთიერთობა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტარო კონოსთან და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატთან, ქართულ-იაპონური მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრ იჩირო აისავასთან, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბახტაძე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში ოთხშაბათს გაემგზავრა.

„შესანიშნავი საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან თბილისში ჩემი ვიზიტისას და, იმედი მაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში ასევე ნაყოფიერი იქნება. ვაფასებთ მისი აღმატებულების სტუმრობას ჩვენ ქვეყანაში. ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას", – განაცხადა მინისტრმა კონომ.

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა>>>

„ჩვენთვის – იაპონიისა და საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობაა. ჩვენს ერებს შორის არსებული კარგი დამოკიდებულება შესანიშნავ წინაპირობად მიმაჩნია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ასევე ვისურვებდით მეტი იაპონელი მეგობარი გვეხილა საქართველოში და მეტი ბიზნეს-კავშირები დამყარებულიყო ჩვენს ორ ერს შორის", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა - Sputnik საქართველო
იაპონია საქართველოს სახანძრო მანქანებს საჩუქრად გადასცემს

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს მთავრობის მეთაურისა და დეპუტატ აისავას შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი განიხილეს. იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი დაინტერესდა ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდით.

„ასევე გამოითქვა ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო" მნიშვნელობას, რომელიც ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია განცხადებაში.

ბახტაძის ვიზიტის პარალელურად იაპონიაში 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნება გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომელიც 7 მაისამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია საკუთარ თავში აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღონისძიების გახსნაში მონაწილეობას მიიღებს ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ბასიანი".

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქართულ-იაპონური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0